დედა ჰქვია დედაციხეს,
დედაქალაქს, დედამიწას,
დედაბოძს თუ დედაენას
დედის ძალა დედამ მისცა!
დედა უძღვის წინ ყველაფერს,
ჩვენს სალოცავს, ჩვენს საფიცარს...
რადგან ძალა დედამ მისცა,
დედა იცავს დედამიწას!
***
- შენ მაჩუქე მზე და მთვარე,
ვარსკვლავებიც ზედა!
სულ აკვანზე დამიყარე,
საყვარელო დედა.
ყანა, წყარო, ლურჯი მთები, -
რასაც თვალით ვხედავ,
მთელ სამშობლოდ მომიძღვენი,
საყვარელო დედა.
ხელისგულზე ერბო-კვერცხი
ვინ შეიწვას ნეტავ,
შენს ამაგს ვინ გადაიხდის,
საყვარელო დედა.
***
როს „არას“ ნაცვლად - ამბობდი „ალას“,
როცა შენს ხმაში აპრილი ჟღერდა;
ხსოვნაში ტკბილად ჩარჩენილ „ნანას“ -
ვინ გიმღეროდა?!
- მშობელი დედა.
ეზოში როცა იტკენდი რამეს, -
ვინ გაჩნდებოდა იმ წუთში შენთან?!
შენი გულისთვის უძილო ღამეს
ვინ ათენებდა?!
- მშობელი დედა.
ახლა, - ხელში რომ გიჭირავს წიგნი, -
შენს სიცოცხლეში იმედს ვინ ჰხედავს?!
შენს მომავალზე დღედაღამ ფიქრით
ვინ ვერ ისვენებს?!
- მშობელი დედა.
ამ ქვეყანაზე შენი სიკარგე
ვის უხარია ყველაზე მეტად?!
ყველაზე უფრო, - თუკი ივარგებ, -
ვინ იამაყებს?!
- მშობელი დედა
***
დედავ - სიცოცხლის დიდო საწყისო,
დედავ - ცხოვრების ბურჯო მაგარო,
ეს გული შენი გულით ხალისობს,
შენი თვალებით ვხედავ სამყაროს.
ჩემს აკვანს ფერად ღილკილებიანს
შენ დამღეროდი „ნანას“, „მზე შინას“,
რამდენი ღამე არ გძინებია,
რომ ჩემთვის ძილი გესწავლებინა.
შენ ჩემი ხელი ხელში გეჭირა,
არ მშორდებოდი წუთით, საათით,
რომ სიარული გესწავლებინა
შენც დადიოდი ჩემთან ტაატით.
მე შენი წმინდა შუქი მეფინა,
შენსკენ მოვრბოდი ხელებგაშლილი,
რომ ლაპარაკი გესწავლებინა,
შენც ტიტინებდი ჩემთან ბალღივით.
დედავ, ვიყავით თითქოს ტოლები,
თითქოს ფიქრები გვქონდა საერთო,
შენც ჩემს გაკვეთილს იმეორებდი,
რომ ჩემში ცოდნის შუქი აგენთო.
თურმე რამდენჯერ ავად გავმხდარვარ,
რამდენჯერ სენმა ხელი დამრია,
დედავ, იმდენჯერ ბღუჯა ჭაღარა,
თმებში ჭაღარა შემოგპარვია.
როცა მაცნობდი წარსულს დარდიანს,
შენს ხმაში კრთოდა სევდა ფარული,
შენ შემაყვარე, დედავ, ნამდვილად
ჩემი ქვეყანა, ჩემი მამული.
ახლაც შენა ხარ ჩემი კანდელი,
სიცოცხლის დიდი გასხივოსნება,
შენ შემაყვარე დღე დღევანდელი,
ხვალინდელ დღეზე ტკბილი ოცნება.
შენ დამილოცე ქვეყნად კაცობა,
თავზე ნამუსის ქუდი დამხურე,
სულ შენ გეკუთვნის თუ რამ მადლობა
და სიყვარული დავიმსახურე.
დედავ - სიცოცხლის ტკბილო საწყისო,
დედავ - ცხოვრების დვრიტავ მაგარო,
ეს გული შენი გულით ხალისობს,
შენი თვალებით ვხედავ სამყაროს.
***
ეს გაზაფხულიც მოვიდა
და შემოგვცინა მარტმა,
მეცა მყავს დედა ლამაზი,
მეცა მაქვს ერთი ნატვრა...
რვა მარტს საჩუქრის გარეშე
რაღა ფასი აქვს, აბა?
ზოგი თუ ყვავილს დაეძებს,
ზოგი ყიდულობს კაბას.
მე კი სხვას ვნატრობ ამ დილას,
სხვა საჩუქარი მინდა,
რადგან ერთია დედისთვის -
კარგიც, ლამაზიც, წმინდაც...
ვიყო, როგორიც დედას სურს,
ჩემი იმედი ჰქონდეს!
სხვა საჩუქარი რა არის,
ამ საჩუქარს რომ სჯობდეს!
|
No comments:
Post a Comment